ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრი

შუა საუკუნეების ქრისტიანული საზოგადოება თავის თავს ერთიან, გლობალურ სივრცედ მოიაზრებს, რომელიც "ბერძნულის", როგორც იდეალის გარშემო არსებობს და  მასთან კონტაქტში ვითარდება. ბერძნულობასთან ანტაგონიზმი, მისი ბაძვა და მასთან მეტოქეობა ქმნის საერთოსა და განსხვავებულს და აყალიბებს აღმოსავლური ქრისტიანობის კომპლექსურ სივრცეს. ამ სივრცეში არსებული პოლიტიკური, რელიგიური, კულტურული, ენობრივი და სამწერლობო ურთიერთობები ასევე, კომპლექსურად უნდა იქნას გაგებული, დანახული და შესწავლილი.

საქართველო - იბერიისა და ეგრისის სამეფოები - ერთ-ერთი პირველია იმათ შორის, ვინც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ზეეროვნული რელიგიის მიღებით ქართულმა მენტალობამ იმთავითვე იგრძნო თავი გლობალური სამყაროს ნაწილად და ამ სამყაროს თანაშემოქმედად. ის თავის ენით მეტყველებს ამ სამყაროში -  თავისი ენით, არქიტექტურით, თავისი სახვითობით, თავისი მუსიკით. ქართული კულტურის გლობალური და ინდივიდუალური ასპექტები ერთმანეთისგან განყოფილად ვერ დახასიათდება. 

საქართველო ქრისტიანული აღმოსავლთის კულტურის განსაკუთრებული ნაწილია: მისი კულტურა ყალიბდება არა მხოლოდ ცენტრთან - ბიზანტიასთან, ბერძნულენოვან სამყაროსთან თანამშომლობაში, არამედ პროვინციათაშორის ურთიერთობაში - სომხურ, სირიულ, არაბულ კულტურებთან მჭიდრო ურთიერთქმედებაში. ამ თვალსაზრისითაც ქართული გამოცდილება უნიკალურია.

დღეს, როდესაც ხდება ერთიანი ევროპის იდეის ძიება, გამწვავებულია კონფლიქტები ნაციონალური სახელმწიფოსა და გლობალური სივრცის მომხრეებს შორის, ისლამურ და ქრისტიანულ სამყაროს შორის, ისტორიული ქრისტიანული აღმოსავლეთი კი კონფლიქტების პოლიგონია, პრობლემების გადაწყვეტის ერთ-ერთი გზა კულტურულ-ისტორიული ფესვების ღრმა კვლევაა. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, მისი ისტორიული გამოცდილება, ცოცხალი რელიგიური ტრადიცია, ასევე - ქართული მასალის სიახლე, ძველი ენებისა (ძვ. ქართული, ძვ. სომხური, ძვ. ბერძნული, სირიული, ებრაული) და კულტურების კვლევებისა და სწავლების გამოცდილება, ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსებულ ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევებს ცენტრს საფუძვლიან ამბიციას უქმნის იმისათვის, რომ გახდეს მულტიდიციპლინური და ინტერდისციპლინური ცენტრი კვლევებისა, რომლის საბოლოო მიზანია იმის შესწავლა, თუ როგორ ხდებოდა გლობალური ქრისტიანული ცივლიზაციის ფარგლებში ლოკალური ტრადიციების განვითარება და ნაციონალური კულტურის ჩამოყალიბება.

ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრი 2018 წლის 27 დეკემბერს დაარსდა.